11/11/2025
🟢კომპანია „პარვუს ჯგუფი“ 6-7 ნოემბერს საქართველოს ენერგეტიკის საერთაშორისო გამოფენა-ფორუმს GEEF-ს შეუერთდა.
🟢 ფორუმის ფარგლებში ორი დღის განმავლობაში იმართებოდა დისკუსიები და შეხვედრები ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა განახლებადი ენერგიის განვითარება, მწვანე დაფინანსება, ინვესტიციები ენერგეტიკაში და ტექნოლოგიური ინოვაციები.
🟢ფორუმზე კომპანია „პარვუს ჯგუფი“ ორ ძირითად თემაზე იყო ფოკუსირებული — ჰიდრორესურსების განვითარების მნიშვნელობასა და მწვანე წყალბადის, როგორც ენერგიის შემნახველი ტექნოლოგიის პოტენციალზე.
🟢„პარვუს ქონსთრაქშენის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი გულდედავამ ისაუბრა კომპანიის მიმდინარე პროექტებზე, რომლებიც მიზნად ისახავს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებასა და ადგილობრივი რესურსების ეფექტურ გამოყენებას. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა მცირე და საშუალო ჰესების განვითარების მნიშვნელობაზე ენერგეტიკული სისტემის ბალანსისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ასევე აღნიშნა, რომ „პარვუს ჯგუფის“ პროექტები ემსახურება არა მხოლოდ ენერგიის წარმოებას, არამედ რეგიონებში ეკონომიკური აქტივობის ზრდას და ადგილობრივი დასაქმების ხელშეწყობასაც.
🟢მეორე თემატური მოხსენება წარადგინა პროფესორმა გიორგი არზიანმა, „პარვუს ქონსალთინგის“ მთავარმა კონსულტანტმა, თემაზე — მწვანე წყალბადი, როგორც ენერგიის შენახვის ტექნოლოგია ელექტროენერგეტიკულ სისტემაში. მომხსენებელმა დეტალურად განმარტა, თუ როგორ შეიძლება წყალბადის ტექნოლოგიების გამოყენება ენერგიის მოკლე და გრძელვადიანი შენახვისა და განახლებადი წყაროებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის ეფექტიანად მართვისთვის.
მისი თქმით, ელექტრული სისტემის მომავალში გადამწყვეტ როლს ითამაშებს წყალბადის ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა, რაც შესაძლებელს გახდის განახლებადი ენერგიების უფრო ეფექტურ გამოყენებასა და სისტემის მოქნილობის გაზრდას.
მისი განცხადებით, „პარვუს ქონსალთინგი“ აქტიურად მუშაობს მწვანე წყალბადის ტექნოლოგიების ლოკალურ შესწავლისა და დანერგვის შესაძლებლობებზე, რაც მომავალში ქვეყნის ენერგეტიკული მდგრადობის განმტკიცების მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.