11/11/2024
წინაპრებს უთქვამთ, "შვილმა გული გაიარა, შვილიშვილმა გულის გულიო".
როგორი საინტერესო, ღრმა აზრის მატარებელი სიტყვებია.
როგორი დამაფიქრებელი,
აზრიანი,
უდიდესი მნიშვნელობის მქონე ფრაზა.
ვუყურებ ჩემი შვილის და მამაჩემის ურთიერთობას და ვრწმუნდები, რომ მისი გაწვდილი სათამაშო უფრო სახალისოა,
მისი გაწვდილი კანფეტი - უფრო ტკბილი,
მისი ბუშტები - უფრო ფერადი,
მისი ღიმილი - საიმედო.
ჩემს შვილს სახლში უამრავი სათამაშო აქვს:
დათუნიები,
ლოკოკინები,
თაგუნიები,
ბურთები...
თუმცა მისთვის უფრო საინტერესოა მამაჩემის სახლში არსებული უამრავი "ხარახურა":
ტელეფონის ბუდე,
პლასტიკური ბარათი,
ყუთი,
შუშებამოცლილი სათვალე,
სარჭი,
ძველებური, დაზიანებული, ღილაკებიანი ტელეფონი,
პულტი,
ყურსასმენის კაბელი.
ყველაფერი, რაზეც ყოველდღიურად ვეუბნებით: "არ შეიძლება".
თითოეული ეს ნივთი საიმედოდ გარეცხილი და გასუფთავებულია.
ბავშვზე მორგებული.
და მაშინ, როდესაც ჩემს პატარას თვითნებურად 20 წუთი სძინავს,
მამაჩემის მკლავებში 2 საათი ნებივრობს მძინარე.
ალბათ, უფრო ტკბილ სიზმრებსაც ნახულობს.
ახლაც ვზივარ და ვუყურებ, როგორ თამაშობენ ერთად დამალობანას, როგორ უცინიან სარკეში ერთმანეთს,
როგორ უკრავენ ელექტრო პიანინოზე და როგორ მღერიან ერთად.
ალბათ, ამისთვის ღირს სიცოცხლე.
ახალი დასაწყისისთვის,
მომავლისთვის,
პატარებისთვის.
მეც ხომ სწორედ ასე მიყვარდა ბებო-ბაბუსთან სტუმრობა.
მათთან ხომ ხილი უფრო ტკბილი იყო,
სეირნობა - უფრო სახალისო,
ცა - უფრო ნათელი,
მათი ნაყიდი ნაყინი კი - უფრო გემრიელი.
ყველანაირ სათამაშოს მერჩივნა ჯოხით გაკეთებული "მანქანის საჭე",
დასვრეტილთავიანი ბოთლებით წუწაობა,
ხის კენწეროზე ძრომიალი,
დაზიანებული ბურთის ტყავში ჩასმული ლარიანი რეზინის ბურთი.
ალბათ, მათთვის მეც გულის გული ვიყავი.
დავაფასოთ,
გვიყვარდეს,
გავუფრთხილდეთ.
❤