14/09/2025
ბილდლაინი გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას!
თბილისის კლასიკური გიმნაზია
საქართველოს ერთ-ერთი უძველესი საგანმანათლებლო დაწესებულება 223 წლისაა
1801 წლიდან, როცა საქართველოში მეფის რუსეთის ოკუპაცია დაიწყო, ქართული საგანმანათლებლო საქმის გამგრძელებელი გახდა კეთილშობილთა სასწავლებელი. პირველი მცდელობა, რუსული ენა საყოველთაო გაეხადათ საქართველოში, იყო 1802 წელს გახსნილი ვაჟთა ორკლასიანი სასწავლებელი, სადაც სწავლა მხოლოდ რუსულად წარმოებდა, მასწავლებლებად კი კანცელარიის რუსი მოხელები იყვნენ მოწვეულნი. რუსულენოვანი სასწავლებელი უცხო და მიუღებელი აღმოჩნდა ქართული საზოგადოებისათვის, რის გამოც სკოლამ არსებობა მალევე შეწყვიტა. ის 1804 წელს მთავარმართებელ პავლე ციციანოვის (ციციშვილის) ინიციატივითა და მზრუნველობით აღადგინეს და მას „კეთილშობილთა სასწავლებელი“ უწოდეს.
კეთილშობილთა სასწავლებელში თავდაპირველად საგნებს ჯერ ქართულ ენაზე ასწავლიდნენ ბავშვებს, ხოლო შემდეგ იმავე საკითხზე რუსულად უტარებდნენ გაკვეთილებს. ქართული ენის ცოდნა სავალდებულო იყო რუსი მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვისაც. ქართული ენის სწავლების შეზღუდვა გიმნაზიაში იწყება XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან.
თავდაპირველად კეთილშობილთა სასწავლებელი ორკლასიანი იყო. 1823 წლიდან ის უკვე ექვსკლასიანი გახდა და სასწავლო გეგმით გიმნაზიის როლს ასრულებდა საქართველოში.
1830 წელს თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელი, გიმნაზიად გადაკეთდა. გიმნაზიის მიზანი იყო თავადაზნაურობის და მოხელეთა შვილებისთვის განათლების მიცემა. გიმნაზია იყო შვიდკლასიანი. გიმნაზიაში ისწავლებოდა: საღვთო სჯული, ქართული, რუსული, თათრული, გერმანული და ფრანგული ენები, გეოგრაფია და სტატისტიკა, ისტორია, ფიზიკა, რუსეთის სამართალი, ხატვა და ხაზვა. გიმნაზიასთან ფუნქციონირებდა პანსიონი. მასში ირიცხებოდა თავადაზნაურობის 30 და მოხელეების 10 შვილი. პანსიონში ცხოვრობდა და საუკეთესო პანსიონერთა რიცხვში ირიცხებოდა გიმნაზიის მოსწავლე - ნიკოლოზ ბარათაშვილი. ნიკოლოზ ბარათაშვილმა და მისმა მეგობრებმა 1835 წელს დაიწყეს ხელნაწერი ჟურნალის - „თბილისის გიმნაზიის უწყებანის“-გამოშვება.
გიმნაზიაში თუმცა ფორმალურად ყველა სოციალური ფენის შვილს შეეძლო შესვლა. სხვადასხვა დროს აქ სწავლობდნენ გრიგოლ ორბელიანი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, ილია ჭავჭავაძე, გიორგი ერისთავი, კონსტანტინე მამაცაშვილი, დავით მაჩაბელი, ივანე კერესელიძე, ბესარიონ ღოღობერიძე, ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინი, ივანე ჯავახიშვილი, ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკო და სხვა. 1900წელს თბილისის პირველ გიმნაზიაში სწავლობდა 824 მოსწავლე.
1924 წლიდან გასაბჭოებული საქართველოს ბოლშევიკურმა მთავრობამ სახელი შეუცვალა გიმნაზიას და მას საცდელ-საჩვენებელი სკოლა დაარქვა.
70-იან წლებში სასწავლებელში შეიქმნა ჰუმანიტარული, საბუნებისმეტყველო, ფიზიკა-მათემატიკური, ხელოვნებათმცოდნეობის და არქიტექტორთა ჯგუფები, რომელთა კონსულტანტებად მიიწვიეს პირველსკოლადამთავრებული მეცნიერები.
XX ს. 90-იან წლებში საქართველოში დაწყებული სამოქალაქო ომის მიმდინარეობა პირველი სკოლისათვის ტრაგიკული შედეგის მომტანი აღმოჩნდა. ბრძოლების დროს დაიწვა სასწავლებლის ისტორიული შენობა და მასთან ერთად განადგურდა ბევრი უნიკალური ნივთი და ძეგლი, რითაც ასე გამოირჩეოდა ორსაუკუნოვანი სკოლა, როგორც განსაკუთრებული ქართული სასწავლებელი.
სამოქალაქო ომის დროს როდესაც დაზიანდა საშუალო სკოლა, თავდაპირველი სახის აღდგენის პროცესში, აღმოჩენილი იქნა სკოლის ტეიტორიაზე სამლოცველო კუთხე. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, სამკითხველო დარბაზის ადგილას, აღდგენილი იქნა ივერის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, რომლის რესტავრაცია 1998 წლის 28 აგვისტოს დასრულდა.
1995 წ. 1 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნა აღდგენილი შენობა. განახლებულმა პირველმა კლასიკურმა გიმნაზიამ გააგრძელა მემკვიდრეობით მიღებული საუკეთესო ტრადიციები. აღდგენილ იქნა გიმნაზიის ბიბლიოთეკა, რომელიც კვლავ ერთ-ერთი საუკეთესოა სასკოლო ბიბლიოთეკებს შორის. ისევ განახლდა სკოლის მუზეუმი, სასწავლებელში მოქმედებს ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. 1994 წლიდან თბილისის კლასიკური გიმნაზია განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დარგში იუნესკოს ასოცირებული წევრი გახდა. 2011 წლიდან სკოლას ისტორიული სახელი „თბილისის კლასიკური გიმნაზია“ დაუბრუნდა.